დაარსების საფუძვლები

 „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (N.  7102-I, 16.09.2020)  საფუძველზე დაარსდა არაგვის დაცული ლანდშაფტი.

არაგვის დაცულ ლანდშაფტს მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა) იპ  არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მეშვეობით. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ ტყის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 33 000 ჰა) არის ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში.

“დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის (N 136/1996 § 8) მიხედვით, (1) დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე  ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის; და (2) დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები გამოირჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებებით.

 „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართელოს კანონის (No. 7102-I) მიხედვით, არაგვის დაცულ ლანდშაფტის მიზნებს წარმოადგენს:

ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით.