ბუნებრივი ღირებულებები


მსოფლიოში არსებული ბიომრავალფეროვნების 36 „ცხელი წერტილიდან“ ერთ-ერთია კავკასიის რეგიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის არაგვის დაცული ლანდშაფტის არეალი. კავკასიის „ცხელი წერტილი“ გამორჩეულია ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნებით დედამიწის ზომიერი სარტყლის ტყიან რეგიონებს შორის. ის მოიცავს 6500-ზე მეტ ჭურჭლოვან მცენარეს, რომელთა დაახლოებით 1600 სახეობა (25%) ენდემურია. აქ არსებული ტყეების, მთების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, სტეპების და ნახევარ-უდაბნოების მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნება ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე მისი მოსაზღვრე  ევროპის და აზიის რეგიონებში.
განსაკუთრებით მაღალი სიმაღლებრივი ზონალურობა (840-3842 მ.ზ.დ) განაპირობებს არაგვის დაცული ლანდშაფტის  ჰაბიტატებისა და სახეობების მრავალფეროვნებას. ეს ტერიტორია შედის საქართველოს პრიორიტეტულ საკონსერვაციო არეალში - ხევი-თუშეთი და ნაწილობრივ მოიცავს ხევსურეთის ძირითად ფრინველთა საბინადრო არეალს. არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრის ჩრდილოეთი ნაწილში შემოთავაზებულია ფრინველებისთვის ორი განსაკუთრებული დაცული დაცული ტერიტორია (გდტ) - ხევსურეთის გდტ 8 და ხევის გდტ 9 .

ლანდშაფტი და მისი ჰაბიტატები
არაგვის დაცული ლანდშაფტის მთიანი ნაწილი ფორმირებულია სხვადასხვა ბუნებრივი პროცესების და ადამიანისმიერი აქტივობების შედეგად. ის დაფარულია ფართოფოთლოვანი ტყეებით, მთის მდელოებით, სუბალპური ბუჩქნარებით, სუბალპური და ალპური ბალახეულობით, სუბნივალური და ნივალური არეალებით და ისტორიული დასახლებებით. არაგვის დაცული ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტი - განსაკუთრებით მოზაიკური პატარა დასახლებები, სათიბი მდელოები, მინდვრები, საძოვრები და ტყეები - ჩამოყალიბდა ხანგრძლივი სასოფლო აქტივობების შედეგად. ლანდშაფტის ძირითადი კომპონენტები, რაც ქმნის მის უნიკალურ მახასიათებლებს, არის მკაფიო მწვერვალები არაგვის დაცული ლანდშაფტის ჩრდილოეთით (ჭაუხის მასივი), რომელიც შემოფარგლულია მთის ქედებით და ველური მდინარის ხეობებით.
ჰაბიტატების მრავალფეროვნება ძალიან მაღალია რეგიონის ვერტიკალური დიაპაზონის გამო, რომელიც აღწევს 3000 მეტრს.


ფლორა

ტერიტორიაზე განსაკურებით მაღალია მცენარეთა ენდემიზმის დონე. ფშავ-ხევსურეთის ფლორა მოიცავს 212 კავკასიის ენდემურ სახეობას, რაც გულისხმობს რომ კავკასიაში გავრცელებული 17 გვარიდან 8 გვხვდება აქ; შესაბამისად ფშავ-ხევსურეთში არსებულ მცენარეთა სახეობების 34.4% არის კავკასიის ენდემი.
არაგვის დაცული ლანდშაფტის მდიდარ ფლორას მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ დაცული ტერიტორიის ფართო სიმაღლებრივი ზონალურობა. კავკასიის მთისწინეთისთვის დამახასიათებელი თერმოფილურ მცენარეთა სახეობები გვხვდება ტერიტორიის შედარებით ქვედა ნაწილში, შარახევის ხეობის სამხრეთ ფერდობებზე (1000 მ.ზ.დ.), ხოლო იშვიათი ორქიდეების სახეობებს შეიძლება შევხვდეთ მთის სარტყლის შუაწელში მოქცეულ საძოვრებზე და სათიბ მდელოებზე. დიდი კავკასიონის ქედისთვის დამახასიათებელი ალპურ სახეობათა ჰაბიტატები გვხვდება სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ მცენარეთა სავეგეტაციო ზონაში.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ფლორა ჯერ არ არის სრულყოფილად აღწერილი, მაგ., ზოგიერთი მცენარე, ისეთი როგორიცაა ორქიდეის ერთ-ერთი სახეობა - Orchis ustulata ან პარაზიტული მცენარე პირიმზე (Phelypaea coccinea), რომლებიც გვხვდება რამოდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ამ ტერიტორიიდან, შესაძლებელია ასევე გავრცელებული იყოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. Orchis caucasica და O. mascula ssp. Longicalcarata მეჩხერადაა გავრცელებული მუხნარ-რცხილნარ ტყეებში დაბალ სიმაღლეზე. მაშინ როცა Gentiana cruciata and G. septemfida დამახასიათებელია მთის სარტყლის ტრადიციული გამოყენების საძოვრებისთვის, Anacamptis pyramidalis მიეკუთვნება ამავე ზონის ჰაბიტატის უიშვიათეს და საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობას. გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, Asplenium viride და Phylitis scolopendrium, გავრცელებულია ტყეებში, რაც მიუთითებს კალციუმით მდიდარი ნიადაგის და კლდოვანი ფორმირების არსებობას. Matteucia struthiopteris ქმნის ძოვებისგან დაცულ მურყნის ალუვიურ ქვე-ტყეს მდინარე არაგვისა და მისი შენაკადების გასწვრივ. ადრეულ გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ, ტენიანი სუბალპურ მდელოებისთვის დამახასიათებელია ფურისულას (Primula algida) და უძოვარას (Trolius patulus) ყვავილობა მცირე პერიოდით.
Gadelia (Campanula) lactiflora, Senecio platyphylloides, Cephalaria gigantea და Gentiana asclepiadea დამახასიათებელია სახეობებით მდიდარი სუბალპური მაღალბალახეული მცენარეულობისთვის, რომლის გავრცელებაც სუბალპური ზონიდან ჩამოდის მთის სარტყელში, ნაზვავარი ხევების დაბოლოებებზე. Valeriana tiliifolia, Telekia speciosa და Heracleum sosnowskyi შეიძლება შეგვხვდეს ღია ტენიან ტყეებში ან ნაკადულების გასწვრივ. Swertia iberica იზრდება მცირე ნაკადულების და წყლიანი ხევების სიახლოვეს სუბალპურ სავეგეტაციო ზონაში. დეკას (Rhododendron caucasicum) ეტყობა ძოვების მცირე ზემოქმედება; უფრო მასიური და მეტნაკლებად უწყვეტი ზრდა მიმდინარეობს ჩრდილოეთის ფერდობებზე (2200-2800 მ.ზ.დ). იელი (Rhododendron luteum) ქმნის ქვეტყეს ღია სუბალპური წიფლის ტყეებში.
ზოგიერთი გვარის (Campanula, Saxifraga და Draba) ბევრი სახეობა, ისევე როგორც Pseudovesicaria digitate - კავკასიაური ენდემური სახეობების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, გვხვდება ალპურ სავეგეტაციო ზონაში (განსაკუთრებით კლდიან და ქვიშა-ბალახიან ჰაბიტატებში და ე.წ ალპურ ხალიჩებზე). Scabiosa caucasica  - რომელიც იზრდება სუბალპურ და ალპურ საძოვრებზე, არის კავკასიონის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილების მნიშვნელოვანი ენდემურ სახეობა.
აღნიშნული სახეობები წარმოადგენს იმ ფლორის მცირე ნაწილს, რომელიც გავრცელებულია არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. მთლიანობაში, ამ არეალში გავრცელებული ჭურჭლოვანი მცენარეების სახეობრივი მრავალფეროვნება საკმაოდ მაღალია და ამ თავის მიზანი არ არის ყოვლისმომცველი მიმოხილვის მომზადება.

ფაუნა

არაგვის დაცული ლანდშაფტის ფაუნა არ არის შესწავლილი, მაგრამ აქ არსებული ლანდშაფტის მახასიათებლები და ჰაბიტატების მრავალფეროვნება შესაბამისად მიუთეთბს ფაუნის მრავალფეროვნებაზე. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცნობილია რომ ბინადრობს ხერხემლიანთა ჯგუფის - ძუძუმწოვართა 55, ფრინველთა 132, რეპტილიების 9 და ამფიბიების 6 სახეობა (GEOGRAPHIC 2016). დაახლოებით იგივე რაოდენობის სახეობების არსებობა უნდა ვივარაუდოთ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის სამხრეთით, სადაც შესაძლებელია რომ მაღალი სარტყლის ზოგიერთი სახეობა არ გვხვდებოდეს და დაბალი სარტყლის სახეობები იყოს გავრცელებული.
ძირითად ძუძუმწოვართა სახეობებიდან გავრცელებულია - მურა დათვი (Ursus arctos), რუხი მგელი (Canis lupus) და ფოცხვერი (Lynx lynx); არ არის გამორიცხული ტერიტორიაზე ბინადრობდნენ სხვა მტაცებლები და მათი მანიშნებელი სახეობები - ველური კატა (Felis silvestris) და ევრაზიული წავი - (Lutra lutra). ჩლიქოსნებიდან ყველაზე ღირებულია კავკასიური ენდემური არჩვის ქვესახეობა - (Rupicapra rupicapra caucasica). ასევე, ორი სხვა ჩლიქოსანი სახეობა - აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და ნიამორი (Capra aegagrus) შესაძლებელია ბინადრობდეს არაგვის დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიაზე. თუმცა ასეთი ფაქტი, არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს ძალიან იშვიათი ან შემთხვევითი. არ არის გამორიცხული პატარა ძუძუმწოვრების რამდენიმე სახეობა (განს. ბიგა და თხუნელა) ბინადრობდეს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანი ფრინველებიდან წარმოდგენილია: ქათმისნაირთა ორი ენდემური სახეობა - კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) და კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi); მტაცებელთა შემდეგი სახეობები - ორბი (Gyps fulvus), სვავი  (Aegypius monachus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus) და ოქროსფერი არწივი (Aquila chrysaetos) (ყველა მათგანი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში -   იხ. დანართი 2); ასევე ბეღურასებრთა რამდენიმე ენდემური სახეობა (მაგ. მგალობლები, მწვანე ყარანა -  Phylloscopus nitidus და კავკასიური ყარანა - P. lorenzii). საყურადღებოა აღინიშნოს მაღალი სარტყლის ფრინველები -  გულდენშტედტის ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus), დიდი ზღვის ჭორჭილა (Carpodacus rubicilla), მგლინავა (Tichodroma muraria), რქიანი ტოროლა (Eremophila alpestris) და წითელშუბლა სერინი (Serinus pusillus). ტერიტორია აგრეთვე მნიშვნელოვანია ფრინველებისთვის მიგრაციის პერიოდში (განს. გადამფრენი მტაცებლებისთვის).
რეგიონში ბინადრობს რამოდენიმე რეპტილია, მაგ. ხრტილოვან-კუდა ხვლიკი (Darevskia rudis), გველგესლები -  Vipera kaznakovi ან V. dinniki და სხვ.

თუმცა, აშკარაა რომ კარგად ცნობილი ჯგუფების (მაგ. რეფტილიები, ფრინველები ან მცირე ძუძუმწოვრები) სახეობათა სია ჯერ კიდევ არასრულყოფილია და ძირითადი მონაცემები სხვა ცხოველების შესახებ - განს. უხემრხემლოების (მაგ. ბიოინდიკაციის ჯგუფები როგორიცაა პეპლები და კალიები) - ნაწილობრივ ან საერთოდ არ არსებობს.

ძირითადი სახეობები
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გამოიყო ქვემოთ მოცემული 11 ძირითადი სახეობა. აქედან ხერხემლიანების უმრავლესობა აღნიშნულია კავკასიის ეკო-რეგიონის პრიორიტულ სახეობათა ჩამონათვალში და შესულია საქართველოს წითელი წიგნის სახეობების სიაში (გარდა შურთხისა და ველური კატისა). უფრო მეტიც, ბევრი მათგანი წარმოადგენს მოსაზღვრე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის სამიზნე სახეობებს. ამ მნიშვნელოვანი „ქოლგა სახეობები“-ს გავრცელების არეალი გათვალისწინებული იქნა არაგვის დაცული ლანდშაფტის ზონირების მომზადებისას.

უთხოვარი (Taxus baccata)
საქართველოს წითელი ნუსხის ეს სახეობა იშვიათად გვხვდება მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეში. არაგვის დაცულ ლანდშაფტში უთხოვარი გვხვდება ტყეში ბუნებრივი სახით, აფშოს ხეობის ქვემო წელში და კანატიის მახლობლად, 1-ლი ზონის  მე-4 სეგმენტში (შარახევის ველი და მისი მიმდებარე ტყე), მთავარი გზის მაღლა, სამხრეთის ციცაბო ფერდობებზე.

უთხოვრის ყველა ხე არის საკმაოდ ახალგაზრდა. ეს ფაქტი შესაძლოა მიუთითებდეს რომ წარსულში ხდებოდა მათი სამასალედ გამოყენება შერჩევითი ჭრების მიხედვით. აგრეთვე, ადგილობრივი უთხოვრის ხეები არის საკმაოდ მცირე ზომის და ასაკის, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მათ პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ სახეობის ზრდასრული ხეების (ისევე როგორც მოზარდი ხეების) ნებისმიერი ტიპის ჭრა სასტიკად უნდა აიკრძალოს.

პირამიდული ორქიდეა (Anacamptis pyramidalis)
ეს სახეობა, რომელიც მგრძნობიარეა საძოვრების მართვის ხერხების და მათი გამოყენების აქტივობების ინტენსივოვის მიმართ, გვხვდება მთის შუა სარტყელში მისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე მდელოებზე, სადაც არის ძოვების საშუალო ზეგავლენა. ჯერჯერობით ცნობილია ამ სახეობის გავრცელების ორი არეალი - სოფ. ჩარგლის ზემოთ მდებარე მდელოები და სოფ. ხომის ზემოთ მდებარე საძოვრები. ამ სახეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ინტენსიური ძოვება ან საძოვრების სრულად მიტოვება, რაც ხელს უწყობს ბუჩქებისა და ხეების ზრდას.

Parnassius-ის გვარის პეპლები
ტერიტორიაზე შესაძლებელია ბინადრობდეს ამ გვარის წარმომადგენელი 3 სახეობა - Parnassius apollo, იგივე ფერის მაგრამ უფრო მცირე ზომის P. nordmanni და P. mnemosyne. ბოლო სახეობა ძირითადად დაკავშირებულია ფართოფოთლოვან და შერეულ ნათელ ტყეებში ბუჩქისძირას (Corydalis) არსებობასთან, რაც წარმოადგენს მისი ჭუპრების საკვებს. P. nordmanni აგრეთვე იკვებება ბუჩქისძირას (Corydalis) სხვადასხვა სახეობებით. ის ბინადრობს ზღვის დონიდან 3000 მეტრამდე სიმაღლეზე, ქვა-ღორღიან ფერდობებზე და ალპურ მდელოებზე.

P. Apollo საბინადრო გარემო  მოიცავს ქვიან ადგილებს, კლდეებს და მათ მსგავს ჰაბიტატებს მწირი მცენარეულობით (კლდისდუმა - Sedum და კლდისშავა - Sempervivum sp., Hylotelephium caucasicum), რითიც იკვებებიან მისი ჭუპრები. მოზრდილი ინდივიდები ძირითადად გვხვდება მცენარეთა სახეობებით მდიდარ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე სიმაღლეზე. ჩვენ პირადად დავაფიქსირეთ ეს სახეობა ფშავ-ხევსურეთსა (ჭალისოფელის, ბარისახოსა და მათურის სუბალპური მდელოები) და გუდამაყარში (ბურსაჭირის სუბალპური მდელოები).
 
ეს სამი სახეობა ძალიან მგრძნობიარეა ტრადიციული მართვის მიდგომების ცვლილებისას, ინტენსიური სატყეო და სასოფლო სამეურნეო აქტივობების მიმართ. მაგ. P. Apollo-ს სჭირდება ორნაირი ჰაბიტატი - ტრადიციული აქტივობებით აქტიური ჰაბიტატი, სადაც არის მწირი მცენარეობა ჭუპრებისთვის (არსებობს საფრთხე რომ ტყეებმა და ბუჩქებმა დაიკავონ მსგავსი ჰაბიტატები) და სახეობრივად მდიდარი მდელოები საკმარისი ნექტრით, რაც საჭიროა ახალგაზრდა პეპლების გამოსაკვებად ივნისი-ივლისის პერიოდებში (ერთის მხრივ არსებობს ჭარბი ძოვების საფრთზე, მეორეს მხრივ შესაძლოა მოხდეს საძოვრების და სათიბი მდელოების მიტოვება).

მდინარის კალმახი (Salmo fario)
საქართველოს წითელი ნუსხის ეს სახეობა ბინადრობს  გამდინარე წყლებში და მისი არსებობა არის წყლის ხარისხის კარგი მაჩვენებელი.
მისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს წყლის ხარისხის გაუარესება, მდინარეების დანაწევრება და უკანონო თევზჭერა.

კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus)
წარმოადგენს ენდემურ სახეობას, რომელიც ბინადრობს მხოლოდ დიდ კავკასიონზე და გვხვდება უმაღლესი მთის ქედებზე, განსაკუთრებით კლდოვან ჰაბიტატებში. ის ზამთარს ატარებს შედარებით დაბალ სიმაღლეებზე.
არაგვის დაცულ ლანდშაფტში, ცნობილია რომ  შურთხი გვხვდება მთლიანი ტერიტორიის უმაღლეს წერტილებში, ძირითადად კი დაცული ლანდშაფტის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ.

კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi)
ეს ენდემური სახეობა ბინადრობს ტყის ზედა საზღვრის მაღლა და განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ალპურ, ბუჩნარებიან, მოზაიკურ მდელოებს (მაგ. დეკის რაყები). ამ სახეობისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ჰაბიტატების მოსპობა და ფრაგმენტაცია არამდგრადი მიწათსარგებლობის გამო, ბრაკონიერობა და ადამიანის მიერ გამოწვეული შემაწუხებელი ქმედება.
როჭოს პოტენციური არსებობა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე შესაძლებელია ყველა შესაბამის ჰაბიტატზე, ტყის ზედა საზღვრის გასწვრივ და მის მაღლა.

მურა დათვი (Ursus arctos)
მნიშვნელოვანი ინდიკატორი სახეობაა რომელიც განსაზღვრავს ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობას და წარმოადგენს კვებითი ჯაჭვის სათავეში მდგომ მტაცებელ ცხოველს კავკასიის უმეტესი ჰაბიტატებისთვის. ის ბინადრობს ტყეებში, დაბალი სარტყლიდან დაწყებული ტყის ზედა ზოლით დამთავრებული, მაგრამ ასევე გვხვდება მაღალი მთის მდელოებზე. მისი კავკასიური პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრაკონიერობის და ჰაბიტატების დაკარგვის გამო, რაც მისთვის წარმოადგენს ძირითად საფრთხეს.

არაგვის დაცულ ლანდშაფტში, მურა დათვის გავრცელების არეალს წარმოადგენს მთლიანი ტერიტორია, თუმცა უპირატესობას განსაკუთრებით ანიჭებს მოშორებით მდებარე მოზაიკურ ტყეებს, ბუჩქნარებსა და მდელოებს.
 
ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx)
ეს არის სამი მთავარი მტაცებელიდან - მურა დათვთან და მგელთან ერთად -  ერთ-ერთი. მისი ზუსტი გავრცელების არეალი, პოპულაციის რიცხოვნება და ცვლილება არ არის ცნობილი, მაგრამ იგი განიხილება საქართველოს ერთ-ერთ  პრიორიტეტულ სახეობად. ბრაკონიერობა  შეიძლება წარმოადგენდეს მისთვის ძირითად საფრთხეს.
არაგვის დაცულ ლანდშაფტში მისი გავრცელება შესაძლებელია მთლიან ტერიტორიაზე, ყველა მისთვის შესაფერის ჰაბიტატში.

ველური კატა (Felis silvestris)
ეს სახეობა მიუთითებს კარგი ხარისხის ფოთლოვან და შერეულ ტყეებზე, სადაც წარმოდგენილია შესაბამის მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობა დისტანციის და ასაკოვნების გათვალისწინებით და გვხვდება გამხმარი ხეები (რაც მნიშვნელოვანია ხერხემლიანი და უხერხემლო სხვა სახეობებისთვის).
ველური კატის არსებობა მოსალოდნელია ყველა ასაკოვანი წიფლის და შერეული ტყის კორომებში,  არაგვის დაცული ლანდშაფტის დაბალ სიმაღლეებზე.

ევრაზიული წავი (Lutra lutra)
საქართველოს წითელი ნუსხის სახეობაა, რომელიც გვხვდება გამდინარე წყლებში და მდინარის კალმახთან ერთად, წარმოადგენს მდინარის ეკოსისტემების ხარისხის მაჩვენებელს.
მისი არსებობა შესაძლებელია მისთვის ხელსაყრელ ყველა მდინარესა და ნაკადულში, სადაც არის საკმარისი საკვები (მაგ. თევზი), განსაკუთრებით არაგვის დაცული ლანდშაფტის დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე.


კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica)
ეს ენდემური ქვესახეობა ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის უმაღლეს წერტილებში და მისი პოპულაციის რიცხოვნება მნიშვნელოვნად შემცირდა გასული საუკუნის განმავლობაში. მისთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ბრაკონიერობა და ჰაბიტატების გაქრობა.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არჩვის არსებობა აღნიშნულია მთლიანი ტერიტორიის მაღალ წერტილებში, განსაკუთრებით დაცული ლანდშაფტის ჩრდილოეთი საზღვრის მიმდებარედ.