არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე საერო არქიტექტურის ძეგლებს წარმოადგენს ტრადიციული სივრცითი სტრუქტურით აშენებული დასახლებები საცხოვრებელი სახლებით, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებით (კოშკები და ციხეები).
მეზობელი პირიქითა ხევსურეთისა და თუშეთისგან განსხვავებით, აქ არ შემორჩენილა მთლიანი ციხე-სოფლების კომპლექსები (სადაც თითოეულ სახლს საკუთარი გამაგრება ჰქონდა). თუმცა, არის მრავალი სოფელი კარგად შემორჩენილი კოშკებით, რომლებიც მთელ დასახლებას იცავდა (მაგ. მუკო ფშავში, ბაცალიგო და ხახმატი პირაქეთა ხევსურეთში, მაქართა გუდამაყარში). ქვემო ფშავში (საკუთრივ ფშავის ხეობის მიღმა) არის ასევე რამდენიმე შუასაუკუნეების ციხე-კომპლექსი (სიმაგრეულისა და ქელქვითლას ციხეები სოფელ გომეწრის მახლობლად).
რაც შეეხება ტრადიციულ საცხოვრებელ შენობებს, სამივე რეგიონში ჭარბობდა სახლები მიწის ბრტყელი სახურავით, აღჭურვილი ღია კერით და საკვამურით სახურავის თავზე. ამ ტიპის რამდენიმე შენობა შემორჩენილია დაცული ლანდშაფტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა მდგომარეობაში (საუკეთესოდ შენახულია სახლი ბარისახოს ზედა ნაწილში, სხვა მაგალითები ცნობილია უკანაფშავიდან, გუდანიდან და ხახმატიდან ხევსურეთში და ათნოხიდან გუდამაყარში).
რაც შეეხება სხვა ნაგებობებს, უნდა აღვნიშნოთ ტრადიციული წისქვილები (მაგ. დათვისში ხევსურეთში) და ასევე ძველი გზების ნაშთები (განსაკუთრებით ძველი “საქართველოს სამხედრო გზა” ბურსაჭირის ზემოთ გუდამაყარში). არ უნდა გამოვტოვოთ ასევე მრავალი მიტოვებული სოფელი და არქეოლოგიური ძეგლი დაცული ლანდშაფტის მთელ ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურიდან მოყოლებული).
ფშავში არის უდიდესი მნიშვნელობის მემორიალური ადგილი – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, XIX საუკუნის ყველაზე გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი პოეტისა, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება მშობლიურ სოფელ ჩარგალში გაატარა. პროზაიკოს გოდერძი ჩოხელის ანალოგიური სახლ მუზეუმი მდებარეობს ჩოხში (გუდამაყარი).
ხსენებული ძეგლების ნაწილი დაცულია როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათი მოვლა-შენახვისა და რესტავრაციისთვის პასუხისმგებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
საკრალური ადგილები (სალოცავები)
სალოცავები არის რელიგიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაცული ლანდშაფტის სამივე შემადგენელ რეგიონში. ისინი გაფანტულია ძირითადად სოფლებში ან მათ გარშემო, ასევე ღია ლანდშაფტში, და ადგილობრივები ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ ადგილების ნებისმიერი დარღვევის მიმართ. სალოცავები ტრადიციულად ემსახურებოდა აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთის სინკრეტულ კულტებს, რომლებიც საერთო იყო სხვა სუბეთნიკურ და ეთნიკურ ჯგუფებთან, კერძოდ თუშებთან და (ისლამიზაციამდე) ასევე ჩეჩნებთან და ინგუშებთან. მეცნიერებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ეს ფაქტობრივად არის მთელ ევროპაში შემორჩენილი ქრისტიანობამდელი რელიგიური სისტემა. სისტემა მოიცავს, გარდა deus otiosus-ისა (მორიგე ღმერთი) და ადგილობრივი გმირ-ღვთაებებისა, ასევე მრავალ ქრისტიანულ წმინდანს და ცნებას. მეცნიერებს შორის კამათის საგანია, ქრისტიანული ელემენტები უფრო სუბსტრატული ხასიათისაა თუ სუპერსტრატული.
გადამწყვეტი ფაქტია ის, რომ ისტორიული ფხოვი (ფშავი და პირაქეთა ხევსურეთი) წარმოადგენს ამ რწმენის გულს, საიდანაც ის გავრცელდა სხვა რეგიონებში (მაგ. გუდამაყარი და თუშეთი). ფაქტობრივად, ხსენებული რწმენის ყველა უმნიშვნელოვანესი სალოცავი (და შესაბამისი ღვთაებები) მდებარეობს ფშავში – ლაშარი და თამარ-ღელე (ხოშარასთან), კოპალა (უძილაურთასთან), იახსარი (შუაფხოსთან), ფირქუში (ახადთან). პირაქეთა ხევსურეთსა და გუდამაყარში უნდა აღვნიშნოთ შესაბამისად გუდანის ჯვარი და ფირიმზე-ფუძის ანგელოზი (ჩოხში).
და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, წმინდა ტყეების (ხატის მიწების) ფენომენი კვლავ შეინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. წმინდა ტყეები ფაქტობრივად არის “ნაკრძალები”, შექმნილი და დაცული რელიგიური მოსაზრებებით, და წარმოადგენს ტყის რესურსების ეფექტური დაცვისა და მდგრადი გამოყენების მაგალითს. ისინი თითქმის ხელუხლებელია და ხშირად გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური ღირებულებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. წმინდა ტყეები შეიძლება წარმოადგენდეს ადგილობრივი ტყეების მაგალითს, რომლებმაც თავიდან აიცილეს ადამიანის ნებისმიერი მნიშვნელოვანი გავლენა სრულად ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მეორე მხრივ, ქრისტიანული ეკლესიები დაცული ლანდშაფტის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად XIX საუკუნისაა (ზოგიერთი შესანიშნავი, როგორიცაა მაღაროსკარში და ლუტხუბში), ქვემო ფშავში არის ასევე შუასაუკუნეების წარმოშობის ეკლესიები (ზომით საკმაოდ ზომიერი). ბოლო წლებში ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მუდმივ აღმავლობას ადგილობრივ მოსახლეობაში, თუმცა ძველ სალოცავებთან დაკავშირებული ადგილობრივი დღესასწაულები კარგად არის დაცული.