უკანაფშავის თემი.
სოფელი მათურა.
ცენტრალური გზიდან ღრმა, შევარდნილი ხეობა მიუყვება მდინარე მათურხევს. ბილიკი მდინარის გაღმა და გამოღმა მიიკლაკნება თავისი საცალფეხო ხიდებით…
აქაურობა ისეთია ასე გგონია ამოსუნთვა გაგიჭირდება, მაგრამ ამავდროულად სრულიად განსხვავებული და მისტიური. დამერწმუნეთ ფშავში მსგავს ადგილს ვერსად იპოვით…
რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ტყიანი ბილიკიდან თავს გაჰყოფ თუ არა, პატარა აღმართს აუყვები აქა-იქა სახლებს და ნასახლარებს შეამჩნევ. ეს სოფელი მათურაა, უკვე დაცლილი, მიტოვებული და მდუმარე…
ხეობას ზემოდან მოევლები და ახლა ის გზა-ბილიკი, რაზეც გაიარე შენს ფეხქვეშაა მოქცეული და უსასრულო სიშორიდან შემოგყურებს მათურხეულას მისტიური ხეობა…
ასე ვთქვათ უკვე სუბალპურ ზონაში ხვდები, სადაც სოფელია და ასევე მათურელთა(ზურაბაულთა თემის) ხატ-სალოცავები… თავზე ამაყად დაგცქერიან ბოროლა და ბოთანა, ასევე ერთ-ერთი მაღალი – საყაჭის მთა.
და რადგან ფშავში თითოეული ხატ-სალოცავი მნიშვნელოვანია თავისი კულტითა და ტრადიციებით, აქედან გამომდინარე – ზურაბაულთა თემის მთავარ სალოცავში ხევისბრობდნენ პეტრე ხიბლაშვილი და სიკო თადიაური…
