საიტის ლოგო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა დაცული ლანდშაფტის მართვის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები.

მონაწილეებმა იმსჯელეს არაგვის დაცული ლანდშაფტის ეფექტური მართვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე განხილულ იქნა სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს დაცული ლანდშაფტის გაძლიერებასა და მისი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი ნატო წყარუაშვილი, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გულითად მადლობას უხდის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კახაბერ ჩიტაურს და მის გუნდს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და შეხვედრის ყველა მონაწილეს მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებას.