საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნინო ბიჩნიგაურმა, უფროს რეინჯერ რაფიელ რუაძესთან ერთად, შუაფხოს საჯარო სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე — „ნარჩენების მართვა“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობას, გარემოზე ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებასა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოს დასაცავად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების (Reduce, Reuse, Recycle) პრინციპებს. ♻️🗑️

შეხვედრის ფარგლებში უფროსმა რეინჯერმა რაფიელ რუაძემ მოსწავლეებს ასევე გააცნო რეინჯერის პროფესია და მისი მნიშვნელოვანი როლი დაცული ტერიტორიების მართვასა და ბუნებრივი რესურსების დაცვაში. მან ისაუბრა ფოტოხაფანგების მნიშვნელობაზე, მათი მუშაობის პრინციპებზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარება ეს თანამედროვე ტექნოლოგია ველური ბუნების მონიტორინგს, ცხოველთა გადაადგილების შესწავლასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფოტოხაფანგებით გადაღებული მასალები, დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც ნარჩენების მართვის, ისე ბუნების დაცვის პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ეკო-განათლების მიმართულებით სხვადასხვა საინფორმაციო, შემეცნებითი და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას.